ექიმის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ბესარიონ ყავლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში შეყვანილი ორი მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია.
„სამი ბავშვი შემოიყვანეს. 13 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. შემოსვლისთანავე განვითარდა გულყრა. მოხდა დაინტუბირება, მედიკამენტოზური მკურნალობა. ჰერმოდინამიკა იყო არასტაბილური. გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა და პირდაპირ იქნა აყვანილი საოპერაციოში.
დანარჩენი ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის“, – აცხადებს ექიმი ბესარიონ ყავლაშვილი.
ინგოროყვას კლინიკაში სამი მოზარდი შეიყვანეს, სამი კი, „ამტელ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული.