ექიმი - შსს-ს დაჭრილი თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თრიალეთის ქუჩაზე შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა “ოპტიმალ მედის” რეანიმაციული განყოფილების გამგემ გიორგი გელაშვილმა განუცხადა.
ექიმის თქმით, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს შვიდი ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნაწილში აღენიშნება. ექიმის ვარაუდით, დაზიანებები შესაძლოა დანის შედეგად ყოფილიყო მიყენებული. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ექიმი არ გამორიცხავს, რომ ნაოპერაციები მამაკაცი ხელოვნური მართვის აპარატიდან დღეს ღამე მოხსნან.
„პაციენტს შემოყვანისას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, კერძოდ, 7 ჭრილობა იყო. 0,5 სანტიმეტრიდან ერთ სანტიმეტრამდე, აქედან 3 აღმოჩნდა შემავალი ჭრილობა, ფილტვის დაზიანებით. პაციენტი შემოსვლითანავე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევები. სასიცოცხლო ჩვენებით აყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. პაციენტთან ამ წუთის მონაცემებით ელემენტარული კონტაქტი მყარდება. სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს მისი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნა. ამ ეტაპზე სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია”,- განაცხადა გიორგი გელაშვილმა.
პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში, გუშინ 16:00 საათზე გადაიყვანეს. შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი ვარკეთილში, თრიალეთის ქუჩაზე მდებარე დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე იპოვეს. დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესაძლოა თვითდაზიანებას ეხებოდეს.
დაჭრილის ახლობლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.