ექიმი ოთარ თოიძე - უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, არის გერმანიაში გაგზავნის საშუალება, მაგრამ პასუხები იგვიანებს
ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელი, ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით. თოიძის თქმით, არის გერმანიაში გაგზავნის საშუალება, მაგრამ პასუხები იგვიანებს.
ნევროლოგმა გორის ჰოსპიტალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც სააკაშვილი ღებულობდა და „ემპათიის“ წარმომადგენლების მტკიცებით, არ უნდა მიეღო.
„ის ღებულობდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო. მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ. ის დოზა წამლისა, რასაც ის ღებულობდა, ნამდვილად არ არის ტოქსიური. ანუ, თქვენ რომ დალიოთ და მე რომ დავლიო, არაფერს მიზამს. მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, ორმოცდაათი დღის განმავლობაში, კარგავს გონებას, აქვს წნევები და აქვს ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები; ამ შემთხვევაში, წამლის პატარა დოზაც მოქმედებს ისე, როგორც ტოქსიური. მარტივად რომ აგიხსნათ, შემთხვევით შაქრის ნატეხს ნაცვლად რომ დალიოთ წნევის წამალი, ჩვეულებრივი დოზით და მან თქვენ გონება დაგაკარგვინოთ, რას ვიტყვით მაშინ? ეს წამალი არის თერაპიული დოზით, მაგრამ მან თქვენთვის მომწამვლელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს ექიმი, რომ ეს პრეპარატი არ უნდა დანიშნულიყო.
„აღნიშნულ პრეპარატს აქვს თავის ინსტრუქცია. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ჩაიხედოს და ნახოს, ინიშნება თუ არა ის ძილის მოსაწესრიგებლად. თუმცა ფართოდ გავრცელებულია, როგორც საძილე პრეპარატი, სამწუხაროდ. ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება. მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, ისევე, როგორც ალკოჰოლურ სასმელს. შეიძლება, დალიო და დაგეძინა, მაგრამ ეს არ არის წამალი. ამას ემყარებოდა. ის არ უნდა დანიშნულიყო. არის საძილე პრეპარატების მთელი არსენალი, რომელიც შეიძლება, დანიშნულიყო“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის და მისი თანხმობის შესაბამისად.
„ახლა ლაპარაკია მულტიპროფილურ და სპეციალიზებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. ჩვენთან მულტიპროფილური არის, მაგრამ სპეციალიზებული დაწესებულებები, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს, ნაშიმშილარ პაციენტებს, არ არის. ის ძირითადი გართულება, რაც აქვს ახლა ბატონ მიხეილს, პოსტტრამვული სტრესია, მაგრამ ამაზე მეტად აწუხებს ვერნიკეს ენცეფალოპათია და შეიძლება, იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი. რამდენიმე დღე გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს ანორექსიის გამოა, თუ სხვა რაიმე მიზეზია, ეს გამოსაკვლევია. ყოველ შემთხვევაში, მას კუჭის მოქმედებასთან ქონდა პრობლემები, რომელიც წესით მას არ უნდა ჰქონოდა.
ეს არ არის პროცესი, რომ მიდიხარ მილანის ოპერაში ან თეატრში. ეს კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის და მისი თანხმობის შესაბამისად. რამდენიმე კლინიკაში დაგზავნილია მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს პაციენტის მოთხოვნას იქ გაიგზავნება. ნუ გგონიათ, რომ ესაა ფსიქოთერაპიული კურსებისთვის. მას სჭირდება ბიოქიმიური ფუნქციების ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც საქართველოში არ არის. არის გერმანიაში გაგზავნის საშუალება, მაგრამ პასუხები იგვიანებს. ეს მოთხოვნები ჩვენგან გაიგზავნა.
ენცეფალოპათიას აქვს ორი სტადია. პირველი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და მეორეში ღმერთმა არ ქნას, რომ გადავიდეთ. ეს გამოიწვევს იმას, რომ მას ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ფსიქოლოგია არ ნიშნავს ფსიქიკას. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
ამასთან, ოთარ თოიძეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის წარმომადგენლების განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ ის კონსილიუმი ჩვენ არ შეგვხვდა და ერთად არ ვნახეთ პაციენტი. ამ შემთხვევაში, ჩვენ დავაყენებდით საკითხს, ეს არის საკვების გართულება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულება თუ ეს არის პოსტსტრესული სიმპტომისთვის დამახასიათებელი გართულება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.