ექიმი ნინო გოგორიშვილი - სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვების რაციონი არის სრული, რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„დღევანდელი დღით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის დამაკმაყოფილებელი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არ არის. ანალიზების მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რიგზეა. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის პრობლემა. მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. ფერმენტები არის უამრავი. ნათქვამი იყო არასპეციალისტის მიერ. ფერმენტებთან დაკავშირებით შემიძლია, ვილაპარაკო სპეციალისტთან და არასპეციალისტმა უნდა მიხედოს თავის სფეროს. რაც იყო ნათქვამი, ისიც უკვე თითქმის ნორმის ფარგლებშია“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მისვლა შეუძლია.
„მოხდა ნიველირება ყველა ანალიზის, თითქმის ყველაფერი ნორმაშია. კვების რაციონი არის სრული, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. აბსოლუტურად შეუძლია, მივიდეს სასამართლოში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.