ექიმი მარიამ ხოჭოლავა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს
ექიმი ანესთეზიოლოგი მარიამ ხოჭოლავა პროკურატურის მიერ, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. განცხადება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც მარიამ ხოჭოლავა აცხადებს, ის 25 წელზე მეტია აქტიურად ეწევა ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.
„მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც ათი წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში, ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა. შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს ხოჭოლავა.
სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი 4 აგვისტოს დააკავეს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, „იმის გათვალისწინებით, რომ მ.ხ-მ საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.