ექიმი მანანა ჯებაშვილი - მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს, რის შემდეგაც მისი სატურაცია მკვეთრად დაეცა, აქვს სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა
ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, სააკაშვილს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ პალატა შეუცვალეს, რის შემდეგაც მისი სატურაცია მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ ექიმმა კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. სატურაცია ქვედა დონეს მიუახლოვდა, რომელიც ძალიან საშიშია მისი სიცოცხლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარამეტრი, რომელიც უკვე გრძელდება დაახლოებით თვე-ნახევარი. ხალხმა უკვე კარგად იცის, ექიმობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ გასაგები იყოს, რას ნიშნავს დაბალი სატურაცია. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბალი სატურაცია. თვე-ნახევარია, მისი ოჯახი ელოდება, რომ ეს მონაცემი გასწორდება. ის სიმპტომები, რომელიც აქვს მიხეილ სააკაშვილს, ძალიან ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა, ეს სიმპტომები კვლავ გრძელდება.
სატურაცია არის დაბალი, 90-91 ფარგლებში. ამდენად, გვაინტერესებს, ამ დროის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ამ პარამეტრის კორექტირება, რაშია საქმე? ვითხოვთ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გავერკვიოთ. ჩვენ ასევე ვიყავით სახალხო დამცველთან მისულები. შეგვპირდა, რომ შეკრებს კონსილიუმს და გაარკვევს ამ მიზეზს, ოღონდ ამას გარკვეული დრო სჭირდება. მიხეილ სააკაშვილს სატურაცია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა 98-99 და როცა ძალიან ცუდად იყო, მინიმუმი მისი სატურაცია იყო 97“, – განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.