ექიმი კობა სახეჩიძე - ქირურგიული თვალსაზრისით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სწორი კვების შესარჩევად სჭირდება ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამედიცინო ცენტრის, „ვივამედის“ მიერ მოწვეულმა ზოგადმა ქირურგმა, კობა სახეჩიძემ.
როგორც ექიმმა განაცხადა, პაციენტს სჭირდება ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, რომლებიც შეურჩევენ სწორ კვებას, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მისი ზოგადი მდგომარეობა.
ამასთან, კობა სახეჩიძემ კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ ოპერაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუკეთდა.
„მოკლედ გეტყვით, რომ პაციენტს, დიახ, ჩატარებული აქვს ოპერაცია, თუმცა კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ და კონკრეტულად რა ოპერაციაზეა საუბარი, ვერ გეტყვით. ჩემი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ პაციენტს სჭირდება ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, რომლებიც შეურჩევენ სწორ კვებას, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა, მოხდეს წონაში კორექცია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა სახეჩიძემ.
კითხვაზე, – „გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი განზრახ არ იღებს საკვებს“, – ექიმმა განაცხადა: „მე რაც არ მინახავს, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ქირურგიული თვალსაზრისით, სტაბილურია.
კობა სახეჩიძის განცხადებით, ის ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს კვებასთან დაკავშირებით.
„მან თქვა, რომ პერიოდულად იღებს საკვებს, შერჩევითად. არც თქვენ არ მიირთმევთ იმას, რასაც გაძლევენ, ხომ? რაც თქვენ გინდათ, არჩევთ, იმით იკვებებით. ვფიქრობ, ნუტრიციოლოგმა უნდა შეურჩიოს სწორი კვება, რომელიც გააუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას. გამხდარია, კი. ეს ოპერაცია, რომელიც გაკეთებული აქვს, ზუსტად ამის გამო კეთდება და გამხდარი უნდა იყოს“, – განაცხადა ზოგადმა ქირურგმა, კობა სახეჩიძემ.