ექიმი გიორგი გრიგოლია - სააკაშვილის დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ უფრო ღრმა ფაზაში გადაინაცვლა, დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ უფრო ღრმა ფაზაში გადაინაცვლა.
„ადრეც აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ჰქონდა დეპრესია საშუალოს და მსუბუქს შორის. ახლა დეპრესია არის გაღრმავებული. ამ დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია, რომელიც არის ცალკე ნოზოლოგია. ანორექსია აქამდე არ გვიხსენებია ჩვენ. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა ან არ უნდა ჭამა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ვერ იღებს საკვებს“, – აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილი თავს გრძნობს სუსტად, უჭირს ფეხზე დგომა და გადაადგილება, ნევროლოგია გაღრმავებულია, რასაც კიდევ დაემატა ანორექსია.
„თუ გავაანალიზებთ ამ სამ თვე ნახევარს, როცა ჩვენ არ გვინახავს პატიმარი და ახლა ვნახეთ, მისი მდგომარეობა სუბიექტურადაც გაუარესებულია. თავად გრძნობს თავს სუსტად, ფეხზე დგომა და გადაადგილება უჭირს. სამედიცინო ბარათში ძალიან დაწვრილებით არის აღნიშნული, ჩატარებულია ტესტები, დათვლილია ფორმულებით, რამდენი წონა აკლია, როგორ კლებულობს წონაში, ანუ ნევროლოგია გაღრმავებულია და ამას კიდევ დაემატა ანორექსია. სტრესი თუ არ მოეხსნა, ჩვენ გვგონია, რომ ამის მკურნალობა იქ არის შეუძლებელი“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.