ექიმი გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება მისნაირი ადამიანი ციხეში იჯდეს
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს, თამარ დავარაშვილს შეხვდა.
გრიგოლიას თქმით, დავარაშვილთან ჰქონდა რამდენიმე შეკითხვა, აინტერესებდა მკურნალი ექიმის აზრი.
„დაწვრილებით გავიარეთ მთელი ეს ექვსი თვე. როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით სექტემბრის ბოლომდე გაუარესება არ იყო. როგორც მაისში შემოვიდა, დაახლოებით ისე იყო, ოდნავ გაუმჯობესებაც კი იყო, როგორც აღნიშნავენ. მისი მდგომარეობის დამძიმება 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. დაიწყო სერიოზული წონის კლება, კუნთების განლევა. ჩვენი გამოთვლით, დაახლოებით, 20-25 კილოგრამი აქვს დაკლებული ორი თვის განმავლობაში. ანუ 98-დან 73-მდე, რაც დაახლოებით 28% არის მისი წონის. პასუხისმგებლობას ყველა ექიმი გრძნობს. ძალიანაც განიცდიან ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ყველა აღიარებს, რომ განსაკუთრებით თვე-ნახევრის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა.
28% წონის კარგვა ძალიან დიდია. 30-ის შემდეგ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი სიტუაციები. ეს საშუალო ციფრია. ზოგ ორგანიზმს აქვს მეტი რესურსი, ზოგს – ნაკლები. ყველა აცნობიერებს, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კახექსია არის შედეგი ანორექსიის. ეს არის იმ სტრესის შედეგი, რაშიც იმყოფება. ნებისმიერი დამატებითი სტრესი დაავადების გაუარესებას იწვევს.
გამოსავალი ექიმების მოსაძებნი არ არის. ექიმების მოვალეობაა, როგორმე ეს დამძიმება, რომელსაც სავალალო გართულება შეიძლება მოჰყვეს, თავიდან აიცილონ. „ვივამედი“ საკმაოდ მრავალფუნქციური კლინიკაა. ძალიან ბევრ ექიმს პირადად ვიცნობ“,- განაცხადა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ასეთი წონის ვარდნა თუ გაგრძელდა, თვე-თვენახევრის შემდეგ ორგანიზმის რესურსები ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს.
„ჩვენ პრობლემას ვერ ვწყვეტთ, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობას, რომლის საწყისი არის სტრესი და ეს სტრესი არ ლაგდება. ნებისმიერი მწვავე გართულება, რაც შეიძლება დაემართოს, სისხლდენა ან ინსულტი იქნება. წონის ასეთი ვარდნა თუ გაგრძელდა თვე-თვენახევრის შემდეგ, ორგანიზმის რესურსები ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს. კახექსიამ სისხლდენები იცის ხოლმე. ესენი მზად არიან, რეანიმაციის განყოფილებაც მზადაა, ინტენსიური თერაპიაც.
საკმაოდ ადეკვატურად აფასებს ყველა ექიმი მის მდგომარეობას. ადეკვატური შეფასება ისაა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პირობებში, ჩვენს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის გაუმჯობესება შეუძლებელია ნებისმიერ კლინიკაში. მას აქ დაემართა, რაც დაემართა. აქ მიიღო ის სტრესი, რაც მიიღო. მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება მისნაირი ადამიანი ციხეში იჯდეს. ამიტომ დაიწყო შიმშილი პროტესტის ნიშნად, რამაც იმოქმედა და დაეწყო პოსტტრავმული აშლილობა, რასაც მიზეზი თუ არ მოუსპე, მისი განკურნება შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.