ექიმი ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები ახლა ნამდვილად არ აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა და სააკაშვილის მდგომარეობას აკვირდებოდა.
„ადამიანი როდესაც წყვეტს შიმშილობას, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მთელი დღე აქ ვიყავი. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ არის მისი პირადი ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი უფლება აქვს ინფორმაციის გაცემის. ექიმებს, რომლებიც ვმონაწილეობთ მის მკურნალობაში, არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაწვრილებით მის ანალიზებზე. ამის უფლება აქვს მხოლოდ პირად ექიმს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.
გიორგაძის თქმით, პაციენტს გართულებები არ აქვს.
„ადამიანი როცა წყვეტს შიმშილობას, კვების პროგრამა ინდივიდუალურად დგინდება და დამოკიდებულია სიმაღლეზე, წონაზე და რაც მთავარია, იმ დღეების რაოდენობაზე, რაც შიმშილი გრძელდებოდა. ამიტომ ყველაზე მეტად გვეშინოდა პირველი სამი დღის. გართულებები ახლა ნამდვილად არ აქვს. პროგნოზის გაკეთება, როგორ იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ, როცა ლაპარაკი არის ინდივიდუალურ პაციენტზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მიხეილი თუ სხვა პაციენტი, პაციენტი პაციენტისგან განსხვავდება. შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამთავრებს შიმშილობას, აბსოლუტურად არ მოუხდეს ის პროგრამა, რომელიც უხდება აი, ამ კონკრეტულ ადამიანს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მივიღოთ გართულება.
პირველივე დღიდან ექიმების მიმართ პაციენტის დამოკიდებულება არის არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი პატივისცემით არის და ნამდვილად მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია კომუნიკაცია. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომც არ მოსწონდეს რასაც აკეთებს, მაინც მოგყვება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ არ მოგყვება პაციენტი, უფრო რთულია, რომ გამოუსწორო მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგაძემ.