ექიმების ვარაუდით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 13 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ აქვს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 13 პაციენტია მოთავსებული.
მათგან სამი ირანის, ერთი ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ქვეყანაში მილანის რეისით ჩამოვიდნენ.
„გუშინ დილის მონაცემებით, როგორც იცით ექვსი პაციენტი იყო. აქედან ხუთი გაეწერა და ერთი დარჩა. გუშინ ამ პაციენტს დაემატა 12 პაციენტი. ჯამში, ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში 13 პაციენტია მოთავსებული. ამ პაციენტების ეპიდემიოლოგიური ისტორია ასეთია – სამი ირანის, ერთი ჩინეთის და დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ნამყოფები არიან იტალიაში და მილანიდან არიან ჩამოსულები. მთავარი არის ის, რომ პაციენტები თავისი ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებით ეტევიან იმ 14 დღეში, რომლის გამოც ისინი უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად განიხილება ადამიანი, რომელიც არის ნამყოფი იმ ქვეყანაში, სადაც არიან კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, მასთან ერთად უნდა ჰქონდეს ცხელება 38 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაგრამ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და შესაძლო შემთხვევის განმარტება გარკვეულწილად ამ გარდამავალ პერიოდში არის გამარტივებული იმ თვალსაზრისით, რომ მარტო ტემპერატურაც კი საკმარისია, თუნდაც არ იყოს 38. ყველა ასეთი შემთხვევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა, ასეთ პაციენტებს ვათავსებთ ბოქსირებულ განყოფილებაში და ვუტარებთ კვლევებს“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ჩატარებული კვლევებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ყველა პაციენტში პლევმონია გამოირიცხა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, მათ კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„ამ პაციენტებს ყველას ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, რენდგენი, გამოირიცხა პლევმონია ყველა მათგანთან, არც ერთთან არ დადასტურდა არც ა და არც ბე ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ამ ყველაფრის შეჯერებით, ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. უკვე აღებულია ამ 13-ვე პაციენტის ტესტი ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლების მიერ და დღის მეორე ნახევარში შედეგები ცნობილი იქნება. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევების განხილვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმესთან დადასტურდეს ეს დაავადება. ამ 13 პაციენტიდან ერთს ჰქონდა ცხელება 38. 5 და ყელის ტკივილი. დანარჩენებს ყველას ჰქონდათ მხოლოდ ტემპერატურული რეაქცია“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.