ექიმების ინფორმაციით, დიღომში აფეთქებისას დაშავებული შვიდი თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმების ინფორმაციით, დიღომში აფეთქებისას დაშავებული შვიდი თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებული შვიდი თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტურუამ განუცხადა.

ტურუას თქმით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ადამიანების მდგომარეობა ამ დროისთვის დასტაბილურდა. ასევე, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმდინარეობს დაკვირვება და დამატებითი კვლევები. ამასთან, დავით ტურუას ინფორმაციით, რვა დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან საკუთარი სურვილით გაეწერა.

„შვიდი თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია. ასევე, სტაბილური მდგომარეობა აქვს სხვებთან შედარებით მძიმე პაციენტს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას სხეულის 35 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება. მიმდინარეობს დაკვირვება და 72 საათში გამოიკვეთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა ტურუამ.

ამასთან, როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, შვიდი თვის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს არ აღენიშნება დამწვრობა და სუნთქვაც სტაბილურია. ამ ეტაპისთვის უტარდება გამოკვლევები.