ექიმების განცხადებით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ რობერტ ფიცოს მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს.
„დღევანდელი სამედიცინო საბჭოს შეხვედრის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ის კლინიკურად უმჯობესდება, შეუძლია კომუნიკაცია და ანთებითი ნიშნები ეტაპობრივად მცირდება. პრემიერ-მინისტრი ჩვენი ყურადღების ქვეშ რჩება“, – ნათქვამი ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს განცხადებაში.
ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკის განცხადებით, ფიცოს სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია იმისთვის, რომ ის ბრატისლავის საავადმყოფოში გადაიყვანონ.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი ეშტოკი აცხადებს, რომ შეიქმნა საგამოძიები ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, მოქმედებდა თუ არა ეჭვმიტანილი მარტო.
პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა გასულ კვირას განხორციელდა. ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლიდან გამოსულ პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 71 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.