ექიმები აცხადებენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონტაქტურია და გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდება
ექიმები აცხადებენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონტაქტურია და გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონტაქტურია. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და იმ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გაავრცელეს, სადაც პრემიერი მკურნალობის კურსს გადის.

„პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. პაციენტი გონზეა და კონტაქტურია, მას გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდება“, – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პრემიერი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იქ შეკრებილ ადამიანებთან მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ესროლა.

პრემიერი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში, სადაც მას ხუთი საათის განმავლობაში ქირურგების ორი ჯგუფი უტარებდა ოპერაციას. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ის 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელსაც სამი კრებული აქვს გამოცემული. ის თავდასხმის მოტივად რობერტ ფიცოს პოლიტიკით უკმაყოფილებას ასახელებს.