ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საშობაო მილოცვას ავრცელებს.
„შობა – გაოგნებულნი და გაკვირვებულნი სიყვარულის წინაშე. აინშტაინი ამბობდა, რომ იგი, ვისაც აღარ შეუძლია გაკვირვება და გაოცება, უკვე მკვდარია და მის თვალს ჩინი დაჰკარგვია.
ყოველი ნამდვილი დასაწყისის სათავე გაკვირვებაა! დასაწყისი არ გულისხმობს ქრონოლოგიურ ათვლას, მისი საწყისი წერტილი მოიძევება არა კალენდარში, არამედ გულის ცვლილებაში! გაკვირვება შემოქმედი ძალაა, სწორედ ის წარმოშობს ცხოვრების ახალ საზრისს. სამყარო იწყება იმ გაკვირვებით, რომელსაც თავად ღმერთი გრძნობს თავისივე ხელთა ნამოქმედარის დანახვისას. ხსნის ისტორიის სათავეც აბრაამის გაოცებაშია, როდესაც მას ესმის მოხმობა, იქცეს მრავალი ხალხის მამად, და მარიამის გაოცებაში, ღმრთის სიტყვის განხორციელების წინაშე რომ ეუფლება, ანგელოზისგან უწყების მიღებისას. შობა გაოცების დღესასწაულია და გვასწავლის გაოცებას. არ არსებობს შობა გაოცების გარეშე!
იხილეს ბავშვი, ჩვრებში გახვეული და ბაგაში მწოლი. მწყემსების შესახებ ნათქვამი ეს „იხილეს“ მოიცავს მთელ გაკვირვებას მოულოდნელი და გამაოგნებელი ამბით, თავბრუს რომ გვასხამს და შევყავართ იმ უხილავი სინამდვილის ჭვრეტაში, რასაც სიყვარული ჰქვია! შობაა: ღმერთი ხდება ადამიანი ადამიანის სიყვარულის გამო! „და სიტყვა იქმნა ხორცი და დაემკვიდრა ჩვენ შორის (…) და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება“ (იო 1,14).
ძალგვიძს კი კვლავაც აგვაღელვოს ღმრთის სიყვარულმა? რაა იმის მიზეზი, რომ ვეღარ ვახერხებთ მის წინაშე გაოგნებას? რატომ? ხშირად პასუხი ამგვარია ხოლმე: „ეგ ხომ უკვე ნანახი მაქვს, უკვე მოვისმინე, უკვე ყველაფერი ვიცი“. შემთხვევით, რწმენა ხომ არ გაგვცვეთია ჩვეულებებით? იქნებ გამოკეტილნი ვართ ჩვენს წყრომასა და სამდურავში და ხელ-ფეხზე გვადევს ჩვენივე დაუკმაყოფილებლობის ბორკილები? შესაძლოა იმიტომაც, რომ ყველაფრის იმედი გადაგვწურვია და საკუთარი თავი უსარგებლო რამ გვგონია, კიდევ მეტი, – შეცდომა. მაგრამ ამ ვარაუდების უკან შესაძლოა, იმალება სულიწმიდის ნიჭისთვის მიხურული კარი. არადა, გაკვირვება ხომ მისი მადლის პირველი ნიშანია!
გაკვირვებიდან ხელახლა ავიდგათ ფეხი.
შევხედოთ ჩვრებში გახვეულ ჩვილს და ვუთხრათ მას: „უფალო, რარიგ გყვარებივარ! რა ძვირფასი ვყოფილვარ შენთვის!“. დავანებოთ იესოს ჩვენი გაოცება, რათა სიცოცხლე გაგვიცოცხლდეს, ვინაიდან ცხოვრების სიდიადე მრავალი რამის ქონებას როდი ნიშნავს, არც იმას, რომ სხვებმა ქედი მოგიხარონ, არამედ იმას, აღმოაჩინო, რომ ვიღაცას უყვარხარ.
შობა: ღმერთი ხდება ბავშვი, ჩემს შესაყვარლებლად! დაუჯერებელია, მაგრამ ასეა! დაე, გაკვირვებამ აგავსოს ღმრთის საკვირველებათა ხედვისას! გილოცავთ შობას!“, – ნათქვამია ეპისკოპოსის მილოცვაში.