ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროებზე ხალხმრავლობაა [ვიდეო]

რიო-დე-ჟანეიროს ხალხმრავალი სანაპიროები ეპიდემიოლოგების შეშფოთებას იწვევს. ინტერნეტში რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი იპანემას სანაპიროს ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც უამრავი ადამიანი ჩანს.

„ჯერ არ არის გარანტია, რომ ვითარება სამუდამოდ დასტაბილურდა. თუ არ იქნება ადეკვატური შემაკავებელი ზომები, ჩვენ შეიძლება, მეორე ტალღა ვიხილოთ“, – განაცხადა „როიტერთან“ რიო-დე-ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის პროფესორმა, ამერიკო კუნამ.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა, გარდაცვლილთა რიცხვით კი – მეორეზე.

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 39 793 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 858 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 495 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 135 793 შეადგინა.