ენტონი ფაუჩი - სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი ეპიდაფეთქების რისკი არსებობს
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებს.
ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით არსებული პრობლემა თუ არ მოგვარდება, ის უფრო დიდ აფეთქებას გამოიწვევს.
„ჩვენ ძალიან ცუდი დარტყმა მივიღეთ, უარესი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, როგორც ინფიცირებულთა მაჩვენებლის კუთხით, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხითაც. სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვართ, რომ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ბოლო დღე-ღამეში 50 203 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 2 685 806 შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსს 128 062 ადამიანი ემსხვერპლა.