აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვილნიუსში ნატო-ს სამიტამდე ბოლო საუბრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნულ საუბარს პროდუქტიული უწოდა და მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის.
„დარჩენილია 48 საათი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვილნიუსის სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებები იყოს უკრაინის, ნატო-სა და გლობალური უსაფრთხოების გამარჯვება. მე ასევე მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თავდაცვის პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს ძალიან საჭირო საბრძოლო მასალას“, – აღნიშნა კულებამ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კულებამ და ბლინკენმა განიხილეს „უკრაინის კონტრშეტევის პროგრესი“ და სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინას და უწევს უსაფრთხოების დახმარებას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“, – წერია განცხადებაში.