ენტონი ბლინკენსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნულის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა 1.1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კვირაში გაჟღერდა. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ძალისხმევა, რათა უკრაინული მარცვლეული კვლავ მიეწოდოს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე, განხილული იყო უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.