ენტონი ბლინკენს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხზე კონგრესში ჩვენების მისაცემად იბარებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის წერილში ნათქვამია, რომ ბლინკენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა კომიტეტის წინაშე გამოსვლაზე, უნდა გამოცხადდეს 19 სექტემბრის სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებას წაუყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენს ჯერჯერობით არ შეუძლია ჩვენების მიცემა კომიტეტის მიერ შეთავაზებულ თარიღებში, თუმცა „გონივრული ალტერნატივის“ შეთავაზებით გამოდის.
„იმედგამაცრუებელია, რომ, დეპარტამენტთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის გაგრძელების ნაცვლად, კომიტეტმა კიდევ ერთი არასაჭირო უწყება გასცა“, – განაცხადა მილერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბლინკენმა კონგრესში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ ჩვენება 14-ჯერ მისცა, მათ შორის, ოთხჯერ იმ კომიტეტის წინაშე, რომელსაც მაკკოლი ხელმძღვანელობს. მილერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საკითხზე კონგრესს 20 000 დოკუმენტი, რამდენიმე მაღალი დონის ბრიფინგისა და ინტერვიუების სტენოგრამებიც გადაუგზავნა.
„როიტერის“ ცნობით, მაკკოლმა ბლინკენი კონგრესში 2024 წლის მაისში მიიწვია. ბლინკენისადმი მიწერილ წერილში კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთიდან გასვლისა და ევაკუაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მდივანი იღებდა. ჟურნალისტებმა დაამატეს, რომ მაკკოლის კომიტეტის უწყება, რომელიც წლების განმავლობაში იძიებდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, მოვიდა მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებული მოვლენები სულ უფრო პოლიტიზებული ხდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ცნობისთვის, აშშ-მა ავღანეთში ჯარი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დრო შეიყვანა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის შესახებ. ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი ქაოსური იყო, რასაც თან ახლდა „თალიბანის“ იერიში ქაბულზე და ტერორისტული თავდასხმა აეროპორტზე, რასაც 13 ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე ემსხვერპლა.