ენტონი ბლინკენმა თურქეთს და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვისგან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვისგან. ენტონი ბლინკენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დამატებითი სანქციების დაწესება.
უცხოელ ჟურნალისტებთან ვირტუალურ შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობის გენოციდად აღიარება „სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო“. მან ასევე გაიმეორა, რომ თურქეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები საკითხების გადაჭრას შეძლებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა და აშშ-ის ყველა სხვა მოკავშირემ და პარტნიორმა თავი შეიკავოს რუსეთისგან იარაღის შეძენისგან, მათ შორის ეს-400-ების. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგება რუსეთის თავდაცვის უწყებებთან შეიძლება, გახდეს სანქციების დაწესების მიზეზი“, – განაცხადა ბლინკენმა.
თურქეთმა სარაკეტო კომპლექსი ეს-400-ი რუსეთისგან რამდენიმე წლის წინ შეიძინა, რასაც ვაშინგტონის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 24 აპრილს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობას გენოციდი უწოდა, რასაც ანკარას მწვავე რეაქცია მოჰყვა. თურქეთში განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობაზე.