ენტონი ბლინკენმა მოლდოვას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ ქვეყანას ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება
ენტონი ბლინკენმა მოლდოვას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ ქვეყანას ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება

აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში ჩავიდა და ქვეყნის ხელმძღვანელობას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მოლდოვას ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

„როგორც პრეზიდენტ სანდუს ვუთხარი, მოლდოვა იმსახურებს მსოფლიოს მადლიერებას უკრაინელების მიღებისა და დაცვისთვის. და როგორც პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და მე ვისაუბრეთ დღეს, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს მოლდოვას, რადგან ის ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე განიცადეს ბევრი რამ. ჩვენმა ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა 2,75 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება, როგორც უკრაინის შიგნით მოწყვლადი ადამიანებისა და თემების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ისეთი ქვეყნების დასახმარებლად, როგორიცაა მოლდოვა – ლტოლვილების მხარდასაჭერად და ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებისთვის უკრაინის გარეთ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოკრძალებული შემოსავლების მიუხედავად, მოლდოვა ზურგს ვერ აქცევს ლტოლვილ მოსახლეობას, რომელთა შორის უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. მაია სანდუმ საერთაშორისო საზოგადოებას მოლდოვის დახმარებისკენ მოუწოდა.

არსებული მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მოლდოვაში 230 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა.