ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს
ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ სატელეფონო საუბრისას სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ მათ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდებზე დაწერეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მის ამერიკელ კოლეგასთან საუბარი ეხებოდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდაჭერას.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია და მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვის მიმართ“, – წერს ოდობესკუ.

ბლინკენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მან და მისმა რუმინელმა კოლეგამ განიხილეს ერთობლივი მხარდაჭერა უკრაინისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ასევე ორმხრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები შავ ზღვაში.