ენტონი ბლინკენმა და ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, საუბრის დროს ბლინკენმა დაადასტურა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობა. სახელმწიფო მდივანი ასევე მიესალმა მხარეებს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ბოლოდროინდელ პროგრესს, მათ შორის შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.
ამასთან ერთად, ბლინკენმა და ფაშინიანმა განიხილეს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაფართოება, მათ შორის, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე განათლების სფეროებში. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება მიმდინარე ძალისხმევისადმი, რომელიც მხარს უჭერს აყვავებულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სომხეთს, რაც სასარგებლოა სომეხი ხალხისა და, უფრო ფართოდ, კავკასიის რეგიონისთვის.