ენტონი ბლინკენმა და იორდანიის მეფემ მძევლების განთავისუფლების საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ შეხვედრაზე ღაზაში მძევლების განთავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.
ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის.