ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, გამოიყენოს „ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, გამოიყენოს „ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე.
იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, დაუშვას მეტი ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განიხილა პოსტკონფლიქტურ პერიოდში ახალი გზის გატარების მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას მისცემს პალესტინელებს, აღადგინონ თავიანთი ცხოვრება და უზრუნველყონ ღაზის მმართველობა, უსაფრთხოება და რეკონსტრუქცია.
ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს ლიბანში არსებული ვითარება და მიმდინარე მცდელობები ე.წ. ლურჯი ხაზის გასწვრივ დიპლომატიური მოგვარების მისაღწევად, რომელიც მოიცავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის სრულ შესრულებას და საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნებას.
„მათ განიხილეს ირანისა და მისი მარიონეტებისგან შემდგომი რეგიონული აგრესიის შეკავების აუცილებლობა, მათ შორის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მუდმივი ძალისხმევა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.