ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნები გეგმავენ ინვესტირებას საბჭოთა მოდელების შეიარაღებისთვის საბრძოლო მასალების საწარმოებლად, რომელსაც უკრაინა ომში იყენებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნები გეგმავენ, ინვესტირება განახორციელონ საბჭოთა მოდელების შეიარაღებისთვის საბრძოლო მასალების საწარმოებლად, რომელსაც უკრაინა ომში იყენებს.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის არმია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეფექტური იქნება მათთვის. აქ იგულისხმება საბჭოთა ეპოქის სისტემებიც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ათწლეულებია, არსებობს. მაგალითად, ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალების მიწოდებას ასეთი შეიარაღებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გულისხმობს, რომ საჭიროა ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხანია, არ უწარმოებიათ“, – განაცხადა ბლინკენმა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ ალიანსის წევრები ინვესტირებას განიხილავენ ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის ძველ ქარხნებში, სადაც საარტილერიო ჭურვები დამზადდება.