ენტონი ბლინკენის განცხადებით, არ ვარაუდობს, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, არ ვარაუდობს, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.
ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუს დროს ჟურნალისტის კითხვაზე, ექნება თუ არა პეკინის ოლიპიადის პერიოდს რამე სახის გავლენა პუტინის გაანგარიშებაზე, რადგან რუსეთი საქართველოში სწორედ ოლიმპიადის დროს შეიჭრა, აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გაანგარიშებაზე ოლიმპიადის პერიოდს გავლენა არ ექნება და რუსეთი გადაწყვეტილებებს ვლადიმერ პუტინის გაანგარიშების საფუძველზე მიიღებს.
„თქვენ უნდა ჰკითხოთ მას. მე ასე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი მიიღებს თავის გადაწყვეტილებებს პრეზიდენტ პუტინის გაანგარიშების საფუძველზე, თუ რა არის მათ ინტერესებში. თუ არის აგრესია, იქნება მასშტაბური შედეგები. ასე რომ, არჩევანი მისია“, – თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ ერთი დამატებითი რუსული ძალაც კი უკრაინაში აგრესიული გზით შევა, ეს გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან პასუხს ვაშინგტონისა და ევროპისგან. ბლინკენის თქმით, აშშ და ევროპა ყველა სახის სცენარს განიხილავს და მასზე რეაგირებისთვის ემზადება.