ენტონი ბლინკენი - ზოგიერთი ცნობა, რომელიც ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შეთანხმებასთან, – ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.
„ირანს რაც შეეხება, ზოგიერთი ცნობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, უბრალოდ არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ბლინკენმა.
ორშაბათს თეირანმა განაცხადა, რომ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და დაკავებულების შესახებ.
ირანში აშშ-ის სამი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც 2015 წელს სავარაუდო ჯაშუშობისთვის დააკავეს. როგორც მედია წერს, ორი წელია, ქვეყნები ვერ ახერხებენ ირანთან შეთანხმებას.
მანამდე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „არ გამორიცხავს არცერთ ვარიანტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი“.