ენტონი ბლინკენი - ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან
ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც სენატორებმა კითხვები დაუსვეს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ.
მისივე თქმით, აშშ-ს საქართველოსა და მოლდოვასთან ახლო თანამშრომლობა აქვს.
„ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. მოთხოვნა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის მიმართულებებით. ვცდილობთ, გავაერთიანოთ მათი ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება. ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაერო-ს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. ასევე, არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა მოსმენაზე.