კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სთხოვა, უკრაინაში ჩასულიყო, რათა „მტკიცედ დაედასტურებინა მხარდაჭერა“. მისივე თქმით, აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, აძლიერებს ძალისხმევას „კონტრშეტევის დაუყოვნებელი გამოწვევების გადასაჭრელად“.
„ვიცით, რომ წინა დღით იყავით ფრონტის ხაზზე და ჩვენ, ყველას, დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ თქვენი შეფასება. რა თქმა უნდა, ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა მიღწეულია კონტრშეტევაში და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში მოუთმენლად ელის.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ომის დროს.
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.