ენტონი ბლინკენი - ვიზიარებთ სომეხი ხალხის მომავლის ხედვას, გვსურს, სომხეთმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, რომელსაც მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს
ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის მომავლის ხედვას. გვსურს, რომ სომხეთმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ, რომელსაც მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა დავადასტუროთ ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა სომეხი ხალხის დემოკრატიული, აყვავებული მომავლისადმი და უფრო მეტად ინტეგრირებული, უფრო მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი. ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის მომავლის ხედვას, ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ, რომელსაც მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს და დაკავშირებულია მსოფლიოს რეგიონებთან. აშშ-სა და ევროკავშირს, ორივეს სურს, რომ პარტნიორები იყვნენ ამ ძალისხმევაში. ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ამის მტკიცებულება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონის მიერ სომხეთისთვის გამოყოფილი დახმარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის, კიდევ უფრო გაზარდოს მხარდაჭერა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული და ეკონომიკური მედეგობის მიმართ, ინვესტიციებით სასურსათო უსაფრთხოებაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ და სავაჭრო დივერსიფიცირებაში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთიანი ყარაბაღიდან გადაადგილებული 100 ათასი ეთნიკური სომხის მხარდაჭერას. ეს არის ცენტრალური საკითხი სომხეთის გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის ინტეგრაციას ეკონომიკაში, საზოგადოებაში,“ – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია არის საკვანძო თავისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ამგვარად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ იდეებს, რომლებიც, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი სამშვიდობო შეთავაზების შუაგულშია. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიას, ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობით, ტელეკომუნიკაციებით. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკების დივერსიფიცირებას, შესაძლებლობების გაფართოებას და გააძლიერებს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევას. რეგიონს, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება, აქვს ძლიერი მომავალი. ეს სარგებელს მოუტანს ყველა დაკავშირებული ქვეყნის მოსახლეობას. აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, დაგეხმაროთ ამის შენებაში“, – მიმართა ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს.
სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის სამმხრივ შეხვედრაში ბლინკენთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.