ენტონი ბლინკენი - ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს
ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჰაიტიში ვიზიტისას განაცხადა.
გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს კოორდინატორთან, ედგარდ ლებლანფილსთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ მათ საარჩევნო საბჭოს საკითხი განიხილეს.
„პრეზიდენტმა მომაწოდა სიახლე იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რომელიც გაკეთდა საარჩევნო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მობილიზდება, რადგან ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი წინსვლისკენ, მომავალი წლის არჩევნების ორგანიზებაში. უსაფრთხოება არის ყველაფრის საფუძველი, რაც მომავალში უნდა მოხდეს, მათ შორის მომავალ წელს არჩევნების ჩატარება“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, ამ პერიოდში ჰაიტი განაგრძობს ბრძოლას ძალადობრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებმაც დედაქალაქის დიდი ნაწილი დაიკავეს და ახლომდებარე რეგიონებში გადაადგილება დაიწყეს.
პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე კვირას საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.