ენტონი ბლინკენი - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული ინვესტიციების, დახმარების 90 პროცენტი აშშ-ში დაიხარჯა, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია
უკრაინის თავდაცვისთვის გამოყოფილი ამერიკული ინვესტიციების 90 პროცენტი აშშ-ში, ადგილობრივ მწარმოებლებზე დაიხარჯა, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ქემერონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის საჭიროა უკრაინის დახმარების შენარჩუნება.
„თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების დახმარების 90 პროცენტი რეალურად დაიხარჯა აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს ასევე მომგებიანი იყო, რაც უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.