ენტონი ბლინკენი - უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთკორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთკორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.
ბლინკენის განცხადებით, ბრძოლის ველზე შესვლის შემთხვევაში, ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები. აღნიშნული განცხადება ბლინკენმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან და სამხრეთკორეელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს წვრთნებს უტარებს საარტილერიო, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისა და ძირითადი ქვეითი ოპერაციების მიმართულებით, რაც მიუთითებს მათ „სრულ განზრახვაზე“, გამოიყენონ ეს ძალები ბრძოლის წინა ხაზზე.
ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთში 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია, მათ შორის დაახლოებით 8 000 კურსკის რეგიონში.
შეხვედრის დროს აშშ-მა და სამხრეთ კორეამ განიხილეს რეაგირების სხვადასხვა ვარიანტი. როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, მოსკოვის მიერ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში „სისუსტის ნათელი ნიშანია“.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალ დახმარებას გამოაცხადებს.