ენტონი ბლინკენი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, რომელსაც ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს რამდენიმე რთული საკითხი და მიაღწიეს ხელშესახებ პროგრესს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
„იმედი მაქვს და მჯერა, ისევე, როგორც მე, ისინი ხედავენ, რომ შეთანხმება მხედველობის არეალშია, ახლოს ვართ და ამ შეთანხმების მიღწევა, ვფიქრობ, იქნება არა მხოლოდ ისტორიული, არამედ აზერბაიჯანის და სომხეთის ხალხის ინტერესებში. მას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც. ნებისმიერი მარათონის ბოლო მილი ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ აშშ აქ არის იმისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. ვფიქრობ, ამასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.