ენტონი ბლინკენი - რუსული აგრესიის შედეგად თუ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ
ენტონი ბლინკენი - რუსული აგრესიის შედეგად თუ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ

რუსული აგრესიის შედეგად თუ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შვედეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს სამხედრო შედეგებსაც, ბლინკენმა უპასუხა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ასევე თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსეთმა იცოდეს – აგრესიის პასუხად, მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

„თუ ქვეყნებს მიეცემათ საშუალება, შეცვალონ მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალით და ამაზე არაფერი გაკეთდება, სხვა ქვეყნები იმავე დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება. თუ ქვეყნებს მიეცემათ უფლება, უკარნახონ თავიანთ დემოკრატიულ მეზობლებს, რა პოლიტიკა უნდა გაატარონ, ვისთან შეიძლება, ასოცირდნენ და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ეს ასევე აგზავნის ძლიერ და ძალიან ცუდ შეტყობინებას მსოფლიოში სხვებისთვის, რომლებიც შეიძლება შეეცადონ იმავეს გაკეთებას. ასე რომ, ეს ეხება უკრაინას, მაგრამ ასევე არა მხოლოდ უკრაინას“, – აღნიშნა ბლინკენმა.