ენტონი ბლინკენი - საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებული სახლები იძულებით აქვს დატოვებული
რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებული სახლები იძულებით აქვს დატოვებული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ატლანტიკ-ბრუკეს, გერმანიის ამერიკული საბჭოსა და მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქეს იძულებით აქვს დატოვებული თავიანთი სახლები. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? ცხადია, რუსეთის ძალისხმევა, რომ თავის მეზობელი ქვეყნები მარიონეტებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატულების მცდელობები, მხოლოდ გაძლიერდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა, თუმცა გამოწვევას სწორედ რუსეთის პოლიტიკა წარმოადგენს.
„რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. პირველივე შეხედვისთანავე ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აწვდის დასავლეთს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებით.