ენტონი ბლინკენი - რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს
რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს, – ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„საფრთხეები რჩება. რუსეთმა ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა, საგრძნობლად მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინის საზღვართან რჩება. რუსეთს თუ ამას გადაწყვეტს, უმოკლეს დროში შეუძლია აგრესიულად მოქცევა. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინამ რუსეთის პროვოკაციას თავშეკავებულად უპასუხა. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ დიპლომატიის საკითხები, მინსკი პროცესი და ვცდილობთ დარეგულირების კუთხით შესაძლებლობების ძიებას. რუსეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. ეს ეხება ყირიმს და დონბასს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტიტის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.