ენტონი ბლინკენი - იმის აღსადგენად, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში
იმის აღსადგენად, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, აშშ აპირებს, გამოიყენოს ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის.
„ჩვენმა კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში. ჩვენ ვაპირებთ მათ გამოყენებას. იმის აღდგენის საფასური, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მუშაობს „დიდი შვიდეულის“ წევრ სხვა ქვეყნებთან, რათა იგივე გააკეთონ „რუსეთის სუვერენული აქტივებით“.
„„Დიდ შვიდეულს“ შეუძლია, მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს პუტინს, რომ დრო მის მხარეს არ არის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.