ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვის ცენტრზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო შვიდი დაიღუპა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს, ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი“, – წერს ბლინკენი.
აღნიშნული ფაქტი დაგმო უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმაც.
ჩერნიგოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ჩერნიგოვზე რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა ჩერნიგოვის ცენტრში დრამატულ თეატრზე განახორციელეს.