ენტონი ბლინკენი - ღაზის სექტორიდან პალესტინელების იძულებითი გადაადგილება მიუღებელია, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზა არ უნდა იყოს ხელახლა ოკუპირებული
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დაუშვებელია, კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოხდეს ღაზის ოკუპაცია.
ბლინკენის თქმით, ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კრიზისი აღარასდროს განმეორდეს, არის პირობების შექმნა გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
„ისინი, ვინც დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ვალდებული არიან, განმარტონ, როგორ გადაიჭრას ის შედეგი, რომელსაც ეს მოიტანს: ესაა „ჰამასის“ დატოვება 200-ზე მეტ მძევალთან მაშინ, როცა მას აქვს შესაძლებლობა და გამოხატავს სურვილს, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კრიზისი აღარ განმეორდეს, უკავშირდება ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფუძვლის შექმნას. ამისთვის საჭიროა შემდეგი საკვანძო პირობების შესრულება: ღაზის სექტორიდან პალესტინელების იძულებითი გადაადგილება მიუღებელია; არც ახლა და არც ომის შემდეგ ღაზა არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც პლატფორმა ტერორიზმისა თუ სხვა ძალადობრივი თავდასხმებისთვის; კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზა არ უნდა იყოს ხელახლა ოკუპირებული; დაუშვებელია ღაზის სექტორის ალყაში მოქცევის მცდელობები და ღაზის სექტორის ტერიტორიის შემცირება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.