აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ახლახან შევხვდი ღაზაში ამერიკელი მძევლების ოჯახებს. ნებისმიერი ჩვენგანისთვის რთულია მათ ადგილას თავის დაყენება და იმის შეგრძნება, თუ რას გრძნობენ ამდენი თვის განმავლობაში. შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა, არის საუკეთესო გზა მძევლების დასაბრუნებლად. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების სახელით გამოსვლისას ნათლად აჩვენა, რომ ეს არის ის, რაც მსოფლიოს სურს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერა არის იმედის მომცემი.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებულ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გეგმა მოიცავს პირობებს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტისთვის, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისთვის, დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებისა და პალესტინელი ტყვეების გაცვლისთვის.