ენტონი ბლინკენი - ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად
ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც მედია წერს, სახელმწიფო მდივანმა დაგმო „ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, თუმცა აღნიშნა, რომ მოსახლეობა არ უნდა იყოს „ჰამასის“ არაადამიანურ და სასტიკ ქმედებებზე პასუხისმგებელი.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების და მძევლების გაყვანის მცდელობებს ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული პაუზები.
„დღევანდელ დისკუსიებში დაისვა რიგი ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის, როგორ გამოვიყენოთ ნებისმიერი პაუზის პერიოდი სრული ჰუმანიტარული დახმარებისთვის? როგორ დაუკავშიროთ პაუზები მძევლების გათავისუფლებას? როგორ დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასი“ არ გამოიყენებს ამ პაუზებს ან შეთანხმებებს თავის სასარგებლოდ? ეს ის საკითხებია, რომელთაც სასწრაფოდ უნდა გავუმკლავდეთ და გვჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია“, – აღნიშნა ბლინკენმა.