ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განს შეხვდა
ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განს შეხვდა.

„გულწრფელი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები“, – მედიის ცნობით, ასე შეაფასეს ენტონი ბლინკენმა და ცინ განმა ჩინეთში მათი შეხვედრა.

როგორც მედია წერს, ორივე ქვეყნის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხუთსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს ტაივანის საკითხი, ვაჭრობის თემა, ასევე, ხაზი გაუსვეს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნების სურვილს.

„ტაივანი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში და ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა.

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და ღია კომუნიკაციის შენარჩუნებას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რათა შემცირდეს არასწორი აღქმის რისკი.

მედიის ცნობით, აშშ-ის სახელწმიფო მდივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეთანხმდნენ ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

როგორც მედია წერს, არცერთი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა აღნიშნული, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს დღეს ეწვია. ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც ბლინკენი, შესაძლოა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შეხვდეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ბლინკენის პეკინში ვიზიტი მიმდინარე წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთი ჩამოაგდო.