ენტონი ბლინკენი - ბაიდენი პუტინს შეხვედრაზე პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, თუმცა აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი ძლიერად უპასუხებს
ენტონი ბლინკენი - ბაიდენი პუტინს შეხვედრაზე პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, თუმცა აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი ძლიერად უპასუხებს

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, თუმცა აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი ძლიერად უპასუხებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყნები სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფას შეძლებენ, არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთს თავისი ქმედებებით მოუწევს, გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით სურს წასვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბაიდენმა ჟენევის სამიტზე პუტინთან შესაძლოა, განიხილოს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა თეირანს შესთავაზა თანამედროვე სატელიტური სისტემა, რომელიც ირანს საშუალებას მისცემს, უთვალთვალოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.