ენტონი ბლინკენი - აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს
აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის დროს განაცხადა.
ენტონი ბლინკენს და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უთხრა, რომ კომერციული და კერძო მანქანებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვანია.
ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.