ენტონი ბლინკენი - აშშ ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, აშშ-ს ჯერ არ აქვს საბაბი, შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოლიტიკა, რადგან ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს. სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
„რაც შეეხება თავად ბელარუსს, ეს ლუკაშენკოს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული არჩევანის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტზე კონტროლს ბელარუსელი ხალხის ნების წინააღმდეგ თმობს“, – განაცხადა ბლინკენმა.
ცოტა ხნის წინ, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.