ენტონი ბლინკენი - აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია
აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია,- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.
„როგორც თქვენ იცით, და როგორც არაერთხელ მოისმინეთ, ჩვენ არ გვაქვს რუსეთში, ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, რეჟიმის ცვლილების სტრატეგია. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ეს არის ამ ქვეყნის ხალხის საქმე. ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ვიზიტით ყოფნის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. თავისი გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტმა დაასრულა შემდეგი სიტყვებით – „ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“.
კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეების მიერ არის არჩეული და აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში.
თეთრ სახლში ბაიდენის განცხადება განმარტეს და განაცხადეს, რომ ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა შეეძლოს მისი ძალაუფლების გამოყენება მეზობელ სახელმწიფოებში.