ენტონი ბლინკენი - არსებობს გეგმები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ, რაც პუტინს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ
რუსეთს აქვს შესაძლებლობა, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ჯარების მობილიზაცია ყოველგვარი პროვოკაციისა და მიზეზის გარეშე ხდება.
ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს შეუძლია დიპლომატიური და მშვიდობიანი გზის არჩევა, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ. ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, 21 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ჟენევაში შეხვდება.